Eng | Geo | Rus
რესურსები

  განათლება

განათლება


ეროვნული უმცირესობების ენებზე განათლების ხელმისაწვდომობა

სახელმწიფო უმცირესობების მიერ საკუთარ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, “საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე.” ამასთანავე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენის.


დღეს სახელმწიფო 123 სომხურენოვან, 94 აზერბაიჯანულენოვან, 23 რუსულენოვან  და 1 უკრაინულენოვან სკოლას აფინანსებს. 7 შერეული ტიპის სკოლაში (აქედან 3 ოსურენოვანი სკოლაა) ორი ენობრივი სექტორია გაერთიანებული, ხოლო 6 მათგანში ერთდროულად სამი სექტორი ფუნქციონირებს.

2007 წელს “სახელმწიფო ენის” პროგრამის ფარგლებში ოსური საკვირაო სკოლები გაიხსნა თბილისსა და შიდა ქართლში.


2007 წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ქართულ და არაქართულენოვან სკოლებში განათლების საერთო სისტემის დანერგვის მიზნით არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოებს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე თარგმნას ახორციელებს. ისტორიის სახელმძღვანელოები ნათარგმნია ოსურ და აფხაზურ ენებზეც.

სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით რამოდენიმე პროექტს ახორციელებს.
“არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამის” ფარგლებში, უკვე სამი წელია, რაც სწავლების ახალი მეთოდის დანერგვა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს:


• ქართულის, როგორც საკომუნიკაციო ენის სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა. ამ მიზნით გამოიცა ქართული ენის ახალი სახელმძღვანელო “თავთავი” (წიგნი, სავარჯიშო რვეული და მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო) და სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უსასყიდლოდ გავრცელდა. ამ ეტაპზე “თავთავის” პირველი სამი თავია დაბეჭდილი, რომელიც ენის შესწავლის დამწყებთა სამ დონეს შეესაბამება. 2009 წელს იგეგმება სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული, აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული სასაუბროების შექმნა.


• იმავდროულად, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობდა. 2009 წლიდან ეს პროგრამა უფრო ინტენსიურ ხასიათს შეიძენს. დაგეგმილია პედაგოგებისთვის “ქართულის, როგორც საკომუნიკაციო საშუალების” და “ქართულის, როგორც მეორე ენის” შესწავლისთვის ვაუჩერების გამოყოფა, რაც მათ პროფესიული განვითარების საშუალებას მისცემს.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეუთოს მხარდაჭერით, “მოზარდებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, 2007 წლიდან საჯარო სკოლებისა და რესურს-ცენტრების დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გაიხსნა ენის შემსწავლელი სახლები მასწავლებლებისთვის, საჯარო მოხელეთათვის,  სამხედროებისთვის, სამედიცინო და სოციალური მუშაკებისთვის, ვაჭრობაში ჩართული ადამიანებისა და სხვა სოციალური ჯგუფებისთვის.  2009 წელს დაგეგმილია კიდევ ორი “ენის სახლის” გახსნა ქვემო ქართლში, ასევე მათი საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიით აღჭურვა.


პროგრამა “საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაცია და ლინგვისტური პრობლემები” საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების შესწავლის მიზნით, 2007 წელს კავკასიოლოგიის დარგში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

მულტილინგვური სწავლება

ეროვნული უმცირესობებისათვის განათლების თანაბარი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მულტილინგვური განათლების დანერგვას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. სამინისტრო მუშაობს მულტილინგვური განათლების პოლიტიკის დოკუმენტზე. 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს 40-მდე შერეული ტიპის სკოლაში მულტილინგვური პროგრამის პილოტირება იგეგმება.  აღსანიშნავია, რომ განათლების ამ პროგრამების პილოტირება 2006-2007 წლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 12 სკოლაში ეუთოს დაფინანსებით შვეიცარიულმა ორგანიზაცია “სიმერამ” განახორციელა.

უმაღლესი განათლება

უმაღლესი განათლების მიღების მსურველთათვის თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში  2008 წელს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართულ ენასა და ზოგად უნარ-ჩვევებში 390 რეგისტრირებული აბიტურიენტი და 43 მასწავლებელი გადაამზადა. ამასთანავე, წელს პირველად გამოცდები ზოგად უნარ-ჩვევებში უმცირესობების ენებზე ჩატარდა. ვინაიდან ადამიანი მშობლიურ ენაზე უკეთ ავლენს თანმიმდევრული მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარს, ზოგადი უნარების ტესტი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი კოორდინაციას ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრების მუშაობას უშუალოდ ბენეფიციარების საცხოვრებელ ტერიტორიაზე მომავალ წელსაც გაუწევს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის.


“სოციალური გრანტების” პროგრამის ფარგლებში კი სახელმწიფო აფინანსებს იმ სტუდენტებს, ვინც საშუალო განათლება სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში მიიღო. თითოეული რეგიონიდან 20 სტუდენტი ფინანსდება. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო პროგრამებსაც კონფლიქტური რეგიონების მკვიდრი რამდენიმე სტუდენტისთვის.


საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ განვითარებისა და რეფორმების ფონდი უცხოეთში სწავლების დაფინანსების  პროგრამას სთავაზობს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს. ფონდის დაფინანსებით, 2007 წელს ბიზნეს-ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე უნგრეთსა და აშშ-ში  ეროვნული უმცირესობის 7 წამომადგენელი გაემგზავრა. კონკურსის  საშუალებით შეირჩა 7 ახალი სტუდენტი 2008 წელსაც.


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტის (GIPA) მხარდაჭერით, 2008 წელს ფონდი სახელმწიფო მართვის პროგრამის გასავლელად უკრაინის მართვის ეროვნულ აკადემიაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს.


ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი კურსების პროგრამა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენებას ისახავს მიზნად.


პროგრამა ითვალისწინებს უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე _ ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულის, ბოლნისის, ყარაჯალას საჯარო სკოლების ბაზაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრების შექმნას.


მოსამზადებელ ცენტრებში აბიტურიენტებს ადგილობრივი სპეციალისტები მოამზადებენ. მასწავლებელთა კონსულტირებას, ტრენინგებს, მათთვის შესაბამისი საგამოცდო პროგრამებისა და დამხმარე მასალების მიწოდებას გამოცდების ეროვნული ცენრტი უზრუნველყოფს.


მოსამზადებელი პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის – როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, ისე სკოლა დამთავრებულთათვის.


მომზადდება სპეციალური კურსი ყველა საგამოცდო საგანში, კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის კი სასწავლო პროცესი ფოკუსირებული იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურის პროგრამის ეფექტურ ათვისებაზე.

პროფესიული სწავლება

“საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა” 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფოს მხარდაჭერით დაფუძნდა. სკოლა საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო მმართველობისა და თვითმართველობის დაწესებულებებში მართვის დემოკრატიული სტილის დამკვიდრების, საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლების, საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევის და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების და მათი სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით შეიქმნა. კვალიფიციური საჯარო მოსამსახურეების მომზადების გარდა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეთნიკური უმცირესობებისთვის სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამაც მოქმედებს.


ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა “ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის” რეორგანიზაციაზე. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 აგვისტოს  #680 ბრძანებით, შეიქმნა ახალი სამეთვალყურეო საბჭო, იგეგმება  წესდების შეცვლა და სკოლის ფილიალების დაარსება ქალაქებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. გარდა ზემოხსენებულისა, მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების და მეთოდიკის შესაცვლელად.

პროფესიული სწავლების ცენტრები

საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში შემუშავდა  “პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამა”, რომელიც 2006-2009 წლებში განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში უკვე მოხდა შემდეგი პროფსასწავლებლების რეაბილიტაცია:


• ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი;


• კაზრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი (ბოლნისი);


• კასპის პროფესიული სწავლების ცენტრი;
  
• წინათმძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის პროფესიული         სწავლების ცენტრი   (მცხეთა);

• ქარელის პროფესიული სწავლების ცენტრი;  


• თელავის პროფესიული სწავლების ცენტრი.  


“ირმის ნახტომი”

განათლების და მეცნიერების სამინისტრო, პროგრამა “ირმის ნახტომის” ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტ მომსახურებით უზრუნველყოფას ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ეროვნების მოზარდებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, რომელიც სასკოლო ინტერნეტ-გვერდების დიზაინის შემუშავებას და განთავსებას გულისხმობს.
 
  


 


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
18 ივნ. - მაცხოვრის ხსენების დღე - იეზიდური
18 ივნ. - სამება - კათოლიკური
23 ივნ. - გამარჯვების დღე - ესტონეთი
23 ივნ. - იანისის დღე - ლატვია
23 ივნ. - ფაშიზმზე გამარჯვების დღე - ესტონეთი
24 ივნ. - წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა - კათოლიკური
26 ივნ. - არმიის დღე - აზერბაიჯანი
28 ივნ. - კონსტიტუციის დღე - უკრაინა
29 ივნ. - პეტრე-პავლობა - ბერძნული მართლმადიდებლური

© 2008 UNA Georgia