| 07 Feb'12 |
2011 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოსთან შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროსაბჭოს “ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის” მეორე სახელმწიფო ანგარიშის მომზადებაზე მუშაობას შეუდგა.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებენ შემდეგი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი; საგარეო საქმეთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ჯგუფის მუშაობაში ასევე ჩართული არიან სამოქალაქო სექტორის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქართველოს გაეროს ასოციაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოდან.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროსაბჭოსათვის წარსადგენი მეორე სახელმწიფო ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა, პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭო იწყებს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგიონებსა და დედაქალაქში. ამასთანავე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება ვებ-პორტალის www.diversity.ge –ს საშუალებით გამოგზავნოს საკუთარი წინადადებები და კომენტარები ანგარიშთან დაკავშირებით.
ანგარიშის წარდგენის ვადაა 2012 წლის 1 აპრილი. სამუშაო ჯგუფი დაინტერესებული პირების წინადადებებსა და კომენტარებს 2012 წლის 20 მარტამდე მიიღებს (apashalishvili@nsc.gov.ge).
|